1. Home
  2. Articles
  3. კოოპერატივები ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ებრძვის ენერგეტიკულ სიღარიბეს საქართველოს სოფლებში

კოოპერატივები ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ებრძვის ენერგეტიკულ სიღარიბეს საქართველოს სოფლებში

საქართველოს სოფლებში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, განიცდის ენერგეტიკულ სიღარიბეს. ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არამდგრადი მეთოდებით მოპოვებული შეშის გამოყენება ძვირი ჯდება და შრომატევადია. ამავდროულად ეს იწვევს სათბურის აირების გამოყოფას და შენობაში არსებული ჰაერის დაბინძურებას, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ Women Engage for a Common Future (WECF) და ადგილობრივმა პარტნიორებმა შექმნეს მზის წყალგამაცხელებლები და ენერგოეფექტური ღუმელები, რომლებიც ამცირებს შეშის საჭიროებას, აუმჯობესებს კომფორტს და ჯანმრთელობას, ამავდროულად ამცირებს ჰაერის დაბინძურებას, არაანაზღაურებად შრომას და ენერგიის გადასახადებს 20 – 50%-ით.

ანა სამველი, Women Engage for a Common Future (WECF)

 

ამ ახალი ტექნოლოგიების წარმოების, პოპულარიზაციისა და მონტაჟის მიზნით შეიქმნა ოთხი სათემო ენერგეტიკული კოოპერატივი. ეს კოოპერატივები დემოკრატიულად იმართება მათი წევრების მიერ. ისინი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას ლიდერთა ტრენინგის, გადაწყვეტილების მიმღები პოზიციებისათვის გენდერული კვოტებისა და ზოგადად, პროექტის მიდგომაში ქალთა საზრუნავის ინტეგრირების გზით. 2021 წლისთვის ფუნქციონირებდა 1000-ზე მეტი მზის წყალგამაცხელებელი და 300 ენერგოეფექტური ღუმელი. ამას ცოტა ხნის წინ კიდევ დაემატა საბავშვო ბაღებსა და მცირე საოჯახო სასტუმროებში დამონტაჟებული დანადგარები.

ფართოდ გავრცელებულმა სიღარიბემ ხელი შეუშალა ახალი წყალგამაცხელებლებისა და ღუმელების დანერგვას, რადგან სამიზნე რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მათი ყიდვის საშუალება არ აქვთ. თუმცა, კოოპერატივები ხელს უწყობს ტექნოლოგიების გამოყენებაზე სამართლებრივი უფლებების მქონეთა მხარდაჭერის პროცესს, რაც მთლიანობაში ზრდის ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკულ პრაქტიკას, გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმირებულობას და თემებში დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა, WECF და მისი პარტნიორები იკვლევენ პოტენციურ ფინანსურ მექანიზმებს, რათა უზრუნველყონ კლიმატისთვის ხელსაყრელი ტექნოლოგიების ფართო გამოყენება.

საწვავად შეშის გამოყენება ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და გარემოს

საქართველოს სოფლებში მოსახლეობის 80 პროცენტი იყენებს არაეფექტურ  შეშის ღუმელებს გათბობისათვის, საჭმლის მოსამზადებლად და წყლის გასათბობად. ოჯახები თავიანთი შემოსავლის დაახლოებით 30%-ს ენერგიაზე (უმეტესად შეშა) ხარჯავენ, თუმცა მათი უმეტესობა მხოლოდ ერთი ოთახის გათბობას ახერხებს სახლების ცუდად იზოლირების გამო და პირველადი საჭიროებებისთვის საკმარისი წყლის გაცხელებაც უჭირთ.

საწვავად შეშის გამოყენება მძიმე შრომაა როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისათვის. ტყეში მომუშავე მამაკაცები შეშის მოპოვების სარისკო საქმეს ეწევიან, ქალები კი პასუხისმგებლობას იღებენ იზრუნონ თავიანთი ოჯახების საჭიროებებზე, მათ შორის გათბობასა და საჭმლის მომზადებაზე. ვინაიდან ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ შენობაში, ქალებსა და ბავშვებზე უფრო მეტ გავლენას ახდენს შიდა ჰაერის დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია არაეფექტურ ღუმელებში სველი შეშის წვით. WECF-ის ერთმა ანგარიშმა აჩვენა, რომ იმ საბავშვო ბაღებში, რომლებიც შეშის გამოყენებით თბება, შიდა ჰაერის ნაწილაკებით დაბინძურება ათჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ უსაფრთხო დონეს. ამავდროულად, საქართველოში დაახლოებით სამჯერ მეტი შეშა გამოიყენება, ვიდრე ტყეებს შეუძლია აიტანოს, რის გამოც ტყეები საგანგაშო სისწრაფით ქრება.

სახლში სითბოსა და ცხელი წყლის მართვა ქალების პასუხისმგებლობაა. ეს ქალი ღუმელისკენ მიდის, რათა იგი შეშით გაახუროს.

გარდა იმისა, რომ ქალების უფრო მძიმე საშინაო შრომის ტვირთის ტარება უწევთ, ვიდრე მამაკაცებს, ისინი ასევე ხშირად არიან გარიყულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან სახლსა და საზოგადოებაში. სოფლად, პატრიარქალური აზროვნება ხელს უშლის ქალებს ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება ან ჩართული იყვნენ სათემო ცხოვრებაში. გავრცელებულია სტერეოტიპები ქალების ლიდერობის უუნარობის შესახებ.

გენდერულად თანასწორი, კლიმატ-მეგობრული ენერგიის გეგმა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორიცაა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, WECF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკულ სიღარიბეს და შეშის არამდგრად გამოყენებას 2009 წლიდან ებრძვიან. მათ აამაღლეს ცნობიერება ამ საკითხზე და შეიმუშავეს მზის წყალგამაცხელებლები (შეშის გამოყენებას ამცირებს 30%-ით, ხოლო ემისიებს – 1 ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტით წელიწადში) და ენერგოეფექტური ღუმელები (შეშის გამოყენებას ამცირებს 50%-ით, ხოლო ემისიებს 2,55 ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტით წელიწადში.) და მათი დამზადება შესაძლებელია ადგილობრივად.

საქართველოს მთავრობამ მიმართა WECF-ს და მის პარტნიორებს, ენერგეტიკის სექტორისთვის ეროვნულად მისაღები შემარბილებელი ქმედებების (NAMA) შემუშავებაში დასახმარებლად, რომელიც წარედგინა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას (UNFCCC) და NAMA Facility-ს. იგი ასევე ინტეგრირებულია UNFCCC-ში წარდგენილ საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის დოკუმენტში (INDC).

NAMA-მ წარმოადგინა გეგმები არამდგრად ხის საწვავზე დამოკიდებული  სოფლის ენერგეტიკის სექტორის გარდასაქმნელად განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ენერგოეფექტურობისაკენ შემდეგი ღონისძიებების გზით:

  • მზის წყალგამაცხელებლების და ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენების გავრცელება.
  • ხელმისაწვდომი და მდგრადი ფინანსური მექანიზმის შექმნა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ტექნოლოგიების ყველასთვის ხელმისაწვდომობა.
  • სამთავრობო პოლიტიკის დანერგვა საჭირო ცვლილებების შესასრულებლად.

NAMA-ს ხუთწლიან  პროგრამას უნდა დაეჩქარებინა განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების დანერგვა, რათა 2024 წლისთვის მოეცვა 15,000–40,000 შინამეურნეობა, დაახლოებით 5,000 მცირე და საშუალო ზომის საწარმო და 4,000–5,000 საჯარო შენობა. თუმცა, ეს პროექტი ჯერაც არ დაფინანსებულა და არც მზის ტექნოლოგიები და არც ენერგოეფექტურობა ამჟამად არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს საქართველოს კლიმატისა და ენერგეტიკის პოლიტიკაში. ასევე არ არსებობს კანონმდებლობა ან მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც შინამეურნეობების მიერ კლიმატისთვის ხელსაყრელი მოწყობილობების გამოყენებას შეუწყობდა ხელს.

მთავრობას არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები სოფლის ენერგეტიკული სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ აპირებს მეტი ჰელიოთერმული ენერგიის გამოყენებას საზოგადოებრივ შენობებში, მაგრამ პროგრესი ძალიან ნელა მიმდინარეობს ფინანსური და ადამიანური შესაძლებლობების, ასევე პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო. ამასობაში, საქართველოს NDC-ს აქვს ვრცელი თავი გენდერთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ აისახება კლიმატთან დაკავშირებულ პოლიტიკასა თუ ქმედებებში, გარდა ზოგიერთი დიდი დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამებისა.

ამჟამად ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია. უცხოურ კორპორაციებთან კონტრაქტების მეშვეობით ჰიდროელექტროსადგურების შემდგომი განვითარების ბოლოდროინდელმა გეგმებმა დიდი სამოქალაქო წინააღმდეგობა გამოიწვია, რასაც შედეგად რამდენიმე დიდი კაშხლის პროექტის შეჩერება მოყვა. პროტესტის ძირითადი მიზეზები იყო ის, რომ კონტრაქტები უკიდურესად  არახელსაყრელი იყო საქართველოსთვის და ფლანგავდა გადასახადის გადამხდელთა ფულს. ამასთან, არ არსებობდა გარემოზე ზემოქმედებისა და სეისმური რისკის სათანადო შეფასებები. ამის პარალელურად, საქართველო აფართოებს გაზის ქსელს ხელოვნურად შემცირებულ და სუბსიდირებულ ფასად, ყოველგვარი სოციალური სქემების გარეშე.

თემზე დაფუძნებული, დემოკრატიული კოოპერატივები ზრდის ქალთა ჩართულობას

WECF და მისი პარტნიორები მიზნად ისახავენ სოფლად ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრას სოფლის მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების საარსებო პირობების, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და კომფორტის გაუმჯობესების გზით, ენერგეტიკული კოოპერატივების მხარდაჭერით და მზის წყლის გამაცხელებლების და ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენების ხელშეწყობით საპილოტე პროექტების დონეზე, რომლებიც გაფართოებას ესწრაფვიან.

კოოპერატივებზე ორიენტირება მნიშვნელოვანი ელემენტია ქართულ საზოგადოებაში. ტრავმული კომუნისტური წარსულის შემდეგ, საქართველომ მიიღო ნეოლიბერალური კაპიტალიზმი, რამაც სოფელი შესაბამისი სოციალური, ეკონომიკური და ორგანიზაციული სტრუქტურების გარეშე დატოვა. ევროკავშირის ინიციატივით და ინტენსიურად დაფინანსებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა სახელმწიფო მხარდაჭერა მოიპოვეს. ისინი სწრაფად ვრცელდება, რასაც პროგრესი მოაქვს მრავალი მცირე და მსხვილი ფერმერისთვის, თუმცა ბევრიც წარუმატებელი აღმოჩნდა კარგი მენეჯმენტისა და თანამშრომლობის არქონის გამო. WECF-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი ენერგეტიკული კოოპერატივები არ არიან ცნობილი და დაფინანსების ნაკლებობასაც განიცდიან, მაგრამ მათ აქვთ პოტენციალი, სტრუქტურული ცვლილებები მოახდინონ თემებსა და ქალაქებში.

საპილოტე ფაზა (2010–2016) კონცენტრირებული იყო ტექნოლოგიის შემუშავებაზე, შესაძლებლობების განვითარებაზე, კვლევასა და ცნობიერების ამაღლებაზე. ადგილობრივ მოსახლეობას შეასწავლეს მზის წყალგამაცხელებლების და ენერგოეფექტური ღუმელების დამზადება, რომლებიც დამონტაჟდა კერძო სახლებსა და საზოგადოებრივ შენობებში. ამ დანადგარების ღირებულება გადახდილ იქნა სუბსიდიებით.

2016 წელს შეიქმნა ოთხი კოოპერატივი მზის წყალგამაცხელებლებისა და ღუმელების საწარმოებლად, დასამონტაჟებლად და მომსახურებისათვის ოთხ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში, სამცხე ჯავახეთსა და შიდა ქართლში. 31-მა ადგილობრივი მცხოვრებმა, რომლის 40% ქალია, გაიარა ტრენინგი და შეასრულა მენეჯერული როლები. ამ პროცესს ხელი შეუწყო ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მწვანე რეგიონები, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, საქართველოს ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ასოციაცია (SEMA) და მდგრადი განვითარების ცენტრი ახალციხე, WECF და საერთაშორისო კოოპერატივი Clean Power Europe.

ენერგეტიკული კოოპერატივები დემოკრატიულია და მათი წევრების საკუთრებაა. მათ ამჟამად ჰყავთ 128 წევრი, რომელთაგან მესამედი ქალია და ისინი მიზნად ისახავს ჩართონ საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან წამოსული ადამიანები თავიანთი თემების წარმომადგენლებად. კოოპერატივის წევრი რომ გახდეს, მოქალაქემ უნდა შეიძინოს 30-60 ევროს ღირებულების აქციები. აქციების რაოდენობისაგან დამოუკიდებლად, თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.

საერთო კრების მიერ ინიშნება საბჭო და მტკიცდება ყველა ძირითადი გადაწყვეტილება. საბჭოში ორივე სქესი მინიმუმ 40 პროცენტით უნდა იყოს წარმოდგენილი. WECF-მა ქალთა კოოპერატივის წევრებისათვის ჩაატარა ლიდერობის ტრენინგი, რათა გაეუმჯობესებინათ მათი უნარები და თავდაჯერება საუბრისას. თემებში განხორციელებული ცნობიერების ამაღლების აქტივობები კი სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად და გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობადიყო გამიზნული.

მარიეტა ლეთოდიანი, ენერგეტიკული კოოპერატივის “ჩართე მზე” დირექტორი, განმარტავს მზის წყლის გამაცხელებლების სარგებელს სოფელ ივანდიდში.

კოოპერატივები იმართება დემოკრატიულად და მუშაობს თემში სოციალური ერთობისა და ნდობის, ასევე თემის ენერგიისა და სითბოს წარმოებაში ჩართულობის გასაუმჯობესებლად. ისინი ხელს უწყობენ გენდერულ და ეკონომიკურ სამართლიანობას, თემებში რესურსებსა და ადამიანის უფლებებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას და შეძლებისდაგვარად თანამშრომლობენ ადგილობრივ ადმინისტრაციასთან.

შეიქმნა ეროვნული ქოლგა კოოპერატივი ადგილობრივი კოოპერატივების მხარდასაჭერად და ისეთი ამოცანების ცენტრალიზებისთვის, როგორიცაა მარკეტინგი, მასალების საბითუმო შესყიდვა და ბანკებთან თანამშრომლობა. მისი წევრები არიან ოთხი ადგილობრივი ენერგეტიკული კოოპერატივი: Solar Partner Süd (ენერგეტიკული ტექნოლოგიების კომპანია გერმანიიდან), ენერგეტიკული კოოპერატივი Green Power Europe და ერთი მცირე კერძო ინვესტორი. თითოეულმა წევრმა იყიდა თითო აქცია 2500 ევროს ოდენობით.

მიღწევები

პროექტის პირველ ფაზაში, კერძო სახლებსა და საზოგადოებრივ შენობებში დამონტაჟდა 650 სუბსიდირებული მზის წყლის გამაცხელებელი და 100 ენერგოეფექტური ღუმელი. ამას კიდევ დაემატა საბავშვო ბაღებსა და პატარა საოჯახო სასტუმროებში დამონტაჟებული დანადგარები.  2021 წელს 1000-ზე მეტი მზის წყლის გამაცხელებელი და 300 ღუმელი იყო ექსპლუატაციაში. ახალი ტექნოლოგიები ზრდის მომხმარებლების კომფორტს და ამცირებს ენერგიის გადასახადებს 20-50%-ით, აუნაზღაურებელი შრომის ტვირთს და შიდა ჰაერის დაბინძურებას.

ენერგეტიკულმა კოოპერატივებმა შეამცირა სოფლად გავრცელებული სიღარიბე თემებში სამუშაო ადგილების შექმნით და ოჯახებისთვის, მცირე ბიზნესის, სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ენერგოდანახარჯების შემცირებით. თითოეულ კოოპერატივში ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულია ერთიდან ექვსამდე ადამიანი, ძირითადად წარმოებისა და ინსტალაციას, აგრეთვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიმართულებით. ენერგოდანახარჯების შემცირების გზით აღნიშნული ტექნოლოგიები თავდაპირველ ხარჯებს სამიდან ექვს წელიწადში ანაზღაურებს, ხოლო საოჯახო სასტუმროებისთვის, რომლებიც სულ უფრო პოპულარული ხდება, კიდევ უფრო სწრაფად.

საყოფაცხოვრებო ინვესტიციების თვალსაზრისით, ქალებს ხშირად მამაკაცებისგან განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. მაგალითად, ისინი უფრო ხშირად ახალ ტელეფონს თბილ წყალს ამჯობინებენ. ასევე საზოგადოების დონეზე, მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ადვოკატირებაში აქტიური როლის შესრულებისას ქალებს მამაკაცის დომინირებასთან გამკლავება უწევთ. ქალთა კოოპერატივის წევრებისთვის ლიდერობის ტრენინგების მიწოდებამ თვალსაჩინო გახადა არსებული სტერეოტიპები და შედეგად წარმოქმნილი ძალაუფლების დისბალანსი. ამასთან, ტრენინგებში მონაწილეობის შედეგად ქალები გახდნენ უფრო თავდაჯერებული გადაწყვეტილების მიღებისას მათი ხმების გათვალისწინების საკითხში. მთლიანობაში თემებმა ისარგებლეს გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდით. ხალხი ხედავს ქალებს ხელმძღვანელ პოზიციებზე.

მზის წყალგამაცხელებლის ერთ-ერთი მფლობელი სოფელ ივანდიდში. მას და მის მეზობლად დაახლოებით 120 სხვა ოჯახს როგორც იქნა სახლში თბილი წყალი აქვთ

საჭირო ფინანსური მექანიზმები

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებს აქვს აშკარა სარგებელი და დანახარჯებს მალე ანაზღაურებს, ღარიბ ოჯახებს ხელი არ მიუწვდებათ საწყის ინვესტიციაზე. საპილოტე ფაზაში სუბსიდიებმა ხალხს სარგებლის მიღების საშუალება მისცა. მისი დასრულების შემდეგ დანადგარების კომერციულ ფასად გაყიდვა რთული აღმოჩნდა. სამიზნე რეგიონებში მოთხოვნა მაღალი იყო, მაგრამ ხალხი ელოდა, რომ სუბსიდიები გაგრძელდებოდა და არ სურდათ ან არ შეეძლოთ ღირებულების გადახდა. სხვა რეგიონებში ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმირებულობის დონე დაბალი იყო.

2012 წელს, საპილოტე ფაზაში, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – სოფლის თემების განვითარების სააგენტომ სცადა თემზე დაფუძნებული, ანაზღაურების მოქნილი სქემის მქონე ფინანსური მექანიზმის გამოყენება. ამ ცდამ აჩვენა, რომ მოცემულ მიდგომას დიდი პოტენციალი აქვს და რომ ქალებს განსაკუთრებით სურთ მისი გამოყენება: დადებული კონტრაქტების 80% ქალებთან იყო. თუმცა, ვერ მოხერხდა ამ მექანიზმის ლეგალიზაცია და შესაბამისად, მისი მასშტაბირება.

WECF-მა პარტნიორებთან ერთად 183 დაინტერესებული ადამიანი (აქედან 60% ქალი), ე.წ. „მზის ელჩებად“ გადაამზადა, მზის წყალგამაცხელებლების გავრცელების მიზნით. „მზის ელჩები“ ანაზღაურებას წარმატებული გაყიდვების შემთხვევაში იღებდნენ. ამან 2020 წლის ზაფხულისთვის შეკვეთების სტიმულირება გამოიწვია, ძირითადად საოჯახო სასტუმროების მხრიდან, მაგრამ როდესაც COVID-19 კრიზისი დადგა, მოთხოვნა ნულამდე შემცირდა ტურისტების არყოფნის გამო. დასრულდა პროექტის დონორთა დაფინანსებაც.

ქოლგა კოოპერატივმა ხელშეკრულება გააფორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან -კრედო ბანკი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა აეღოთ ერთწლიანი 0%-იანი სესხი მზის წყალგამაცხელებლის ან ენერგოეფექტური ღუმელის შესაძენად. ეს არ გამოდგა წარმატებული. ხარჯები ზედმეტად მაღალი იყო იმისთვის, რომ შინამეურნეობებს შესძლებოდათ თანხა ერთ წელიწადში დაებრუნებინათ. ამასთან, ხალხის ნდობა ბანკების მიმართ ძალიან დაბალია.

2021 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს კოოპერატივებს ტექნოლოგიის ღირებულება მათი ენერგოდანაზოგიდან გადაუხადონ. ეს კარგი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამ კანონის გამოყენების კარგი პრაქტიკის მაგალითები ჯერ არ ჩანს.

კვლევამ აჩვენა, რომ სუბსიდიები ყველაზე სწრაფი გზაა ისეთი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშესაწყობად, რომლებიც ამცირებს შეშის გამოყენებას. მაგრამ გაზისა და ჰიდროენერგეტიკული მრეწველობის სფეროებთან დაკავშირებული კორპორაციული ინტერესების, აგრეთვე მთავრობის შესაძლებლობების და ინფორმირებულობის ნაკლებობის გამო, ასეთი მექანიზმები ჯერ არ არის პრიორიტეტული. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებამ გამოთქვა მოთხოვნა, რომ მთავრობამ და კომპანიებმა უარი თქვან გაზის გამოყენებაზე მზის და ქარის ენერგიის სასარგებლოდ და ხელი შეუწყონ ხალხის უფლებას ენერგიაზე. ამ დრომდე მსგავსი მოთხოვნები არ ჩანდა.

დასკვნა და შემდეგი ნაბიჯები

ენერგეტიკულმა კოოპერატივებმა აჩვენეს დემოკრატიული, ადამიანზე ორიენტირებული ენერგეტიკული გადაწყვეტილებების პოტენციალი, რომელიც აძლიერებს ქალებს და ასტიმულირებს სამართლებრივი უფლებების მფლობელთა მხარდაჭერის პროცესს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს შეშის არამდგრად გამოყენებას.

საზოგადოების რეაქციამ დიდ ჰიდროელექტროსადგურებზე და გაზის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვებაზე აჩვენა, რომ ე.წ. „ზემოდან ქვევით“ მიმართული ენერგეტიკული გადაწყვეტილებები ხშირად არაპოპულარულია. მდგრადი ენერგიის ხელშეწყობის მიზნით სათემო ინიციატივებთან მუშაობა უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ხოლო სამთავრობო კვლევებმა და საპილოტე პროექტებმა ამ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის არსებობა და მათი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა. თუმცა, სახელმწიფო მხარდაჭერისა და დონორთა დაფინანსების გარეშე, ეს განახლებადი და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები ფართოდ ვერ დაინერგება.

ამჟამად კოოპერატივების განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსება არ არის ხელმისაწვდომი. ამ ტექსტის შექმნის მომენტისთვის (2022 წლის თებერვალი), ოთხი ადგილობრივი კოოპერატივიდან მხოლოდ ორი ფუნქციონირებს, შეკვეთებისა და დაფინანსების ნაკლებობის გამო. ვიდრე მთავრობა ხელს არ უწყობს ამ ტექნოლოგიების გავრცელებას, WECF და პარტნიორები გააგრძელებენ სახსრების მოძიებას და ყურადღებით შეისწავლიან თანამშრომლობის შესაძლებლობებს სოციალურად ჩართულ ინვესტორებთან. აღმოჩნდა, რომ ხელმისაწვდომი შეზღუდული ადამიანური რესურსებით ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი პროექტის შექმნა, რომელიც მხარს უჭერს მდგრადობასა და სოციალური სამართლიანობის ღირებულებებს, რთული ამოცანაა. ჩვენ მივესალმებით ახალ პარტნიორობას ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენს ლამაზ ქვეყანაში ენერგეტიკული დემოკრატიის წინსვლისთვის.

ზემოთაღწერილიპროცესებინაწილობრივდაფინანსდაევროკავშირისადასხვადონორებისმიერ, რისთვისაცუზომოდმადლიერივართ.

რესურსები

CENN (2016)Study Report – Assessment of Firewood Consumption and Firewood Production Potential in Georgia: http://environment.cenn.org/sustainable-forestry/publications/study-report-assessment-firewood-consumption-firewood-production-potential-georgia/

Deutsche Welle (2018) Georgia: Affordable solar energy thanks to cooperativesshort documentary on the cooperatives and background situation:https://www.dw.com/de/georgien-erschwingliche-solarenergie-dank-genossenschaften/a-43879302

Samwel, A. and Muradashvili, A. (2021) ‘Why Gender in Georgia’s Climate Policies’, Caucasus Digital Digest.https://www.wecf.org/gender-georgia-climate/

National Center for Disease Control and Public Health of Georgia and WECF (2020) Indoor Air Pollution in Georgia. https://www.wecf.org/indoorairpollution_research_georgia/

We Research and WECF (2019) Monitoring the implementation of the Sustainable Development Goals in Georgia. https://www.wecf.org/monitoring-the-implementation-of-the-sustainable-development-goals-in-georgia/

WECF (2016) Feasibility study of gender-sensitive energy cooperatives in Georgia, Ukraine, Armenia and Moldova.https://www.wecf.org/feasibility-study-of-gender-sensitive-energy-cooperatives-in-georgia-ukraine-armenia-and-moldova/

WECF (2014) Proposal for Gender-Equitable, Climate Proof and Sustainable Development in Georgia: A National Appropriate Mitigation Activity (NAMA) for the energy sector in Georgia. https://www.wecf.org/proposal-for-gender-equitable-climate-proof-and-sustainable-development-in-georgia-a-national-appropriate-mitigation-activity-nama-for-the-energy-sector-in-georgia/


Ავტორის შესახებ

ბიოლოგიის/ეკოლოგიისა და სოფლის განვითარების სფეროს გამოცდილების მქონე ანა სამველი 2007 წლიდან მუშაობს სოფლის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის პროექტებზე აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ორგანიზაციაში „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF). იგი ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ენერგეტიკულ კოოპერატივებთან ე.წ. სამართლიანი ენერგეტიკული გადასვლასა და ქალთა გაძლიერებისთვის.

კოორდინაცია: ლავინია შტაინფორტი
რედაქტირება: სარა ფინჩი
მთარგმნელი: ეთო ჯინჭარაძე

წინამდებარე შემთხვევის ანალიზი არის ტრანსნაციონალური ინსტიტუტის (TNI) და Women Engage for a Common Future (WECF) ერთობლივი პუბლიკაცია.

 

 

Share this :